შოუს რეპერტუარი

I განყოფილება


"ფარცა" – ეს ცეკვა საქართველოს ულამაზეს კუთხეში, გურიაში შეიქმნა, რომელიც ყურადღებას იქცევს საზეიმო განწყობილებით, თავბრუდამხვევი რიტმით და ფერადოვნებით. მის ქორეოგრაფიულ საფუძველს უძველესი ტრადიციული სადღესასწაულო ფერხული წარმოადგენს. განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის ე.წ. "ცოცხალი კოშკები" - ერთმანეთის მხრებზე რამდენიმე რთულად განლაგებული მოცეკვავე ვაჟები, რომლებიც წრიულად მოძრაობენ. წრიული მოძრაობა იცვლება გოგონათა და ვაჟთა ხაზობრივი განლაგებით, რაც უფრო მრავალფეროვანსა და სცენურს ხდის ტრადიციულ ცეკვას.

"ქართული" - ამ ცეკვას წილად ხვდა გამხდარიყო ქართველობის უტყუარი ნიშანი და სავიზიტო ბარათი. ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში ძნელად თუ მოიძებნება მეორე ცეკვა, რომელსაც ასე სრულად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი.პირველი, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ნებისმიერი მაყურებლისათვის, ეს არის ხაზგასმული მოწიწება ქალის მიმართ. მამაკაცს ეკრძალება ოდნავადაც კი შეეხოს ქალს და უფრო მეტიც, იგი ვალდებულია მთელი ცეკვის განმავლობაში გარკვეული დისტანცია დაიცვას პარტნიორის მიმართ (რაც ძალზე იშვიათია მსოფლიო ფოლკლორში). ვაჟის მოძრაობები თავშეკავებულია, ტანი არ იძვრის, ჩოხის კალთა არც კი ირხევა და მხოლოდ სახის გამომეტყველება და ფეხების სწრაფი მოხდენილი მოძრაობა თუ ამხელს შინაგან მღელვარებასა და სურვილს.

"ხორუმი" - "ხორუმის" მუსიკალური აკომპანიმენტი პირველივეტაქტებიდან მომნუსხავ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე. ეს უძველესი საომარი ცეკვა აშკარად გამოირჩევა სხვა ქართული მხედრული ცეკვა-ფერხულებისაგან თავისი დახვეწილი შინაარსით: მეომართა რაზმი ფრთხილად შემოდის მტრის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ბანაკდება, იწყება დაზვერვა, იერიში, მტრებზე გამარჯვება და ზეიმი. ამ ცეკვაში კარგად ჩანს ქართველი ერის წარსული, მისი ბრძოლა მომხვდური მტრის წინააღმდეგ და ლტოლვა თავისუფლებისაკენ.

"რაჭული"

"აჭარული"- ამ ქორეოგრაფიულ რიტუალს საფუძვლად უდევს საქართველოს უმშვენიერეს კუთხეში, აჭარაში შექმნილი ცეკვა "განდაგანა". გოგონასა და ვაჟის სასიყვარულო დუეტი ეფექტურად გამოიყურება ხალხმრავალი საზეიმო ცეკვის ფონზე.

"სამაია" - თავდაპირველად უწოდებდნენ წარმართობის დროინდელ ქართულ რიტუალურ საფერხულო ცეკვას, იგი სრულდებოდა "ძეობის" დღესასწაულზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და ამჟამად აღნიშნავს სამეულის პრინციპზე აგებულ ქალთა ცეკვას, სადაც კარგად ჩანს ქართველი ქალის კდემამოსილება, სინარნარე და გრაციოზულობა.

"ხანჯლური" - ამ ცეკვას "მთიელი მწყემსების შეჯიბრსაც" უწოდებენ. ქართული ხასიათისათვის ნიშანდობლივი აზარტულობა, სწრაფვა პირველობისაკენ არის იმის მიზეზი, რომ მრავალ ცეკვას საფუძვლად უდევს შეჯიბრი. ეს შეიძლება იყოს შეჯიბრი ურთულესი ილეთების შესრულებაში, სისწრაფეში, იარაღის ოსტატურ ხმარებაში და ა.შ. ამ შემთხვევაში მწყემსები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხანჯლების ჩასობაში, რაც მოცეკვავისაგან ვირტუოზულ შესრულებას მოითხოვს.

"დოლები" - "ქართულმა დოლმა დაჩრდილა აფრიკული ბონგო", ასე წერდა ევროპული პრესა მის შესახებ და იმედი გვაქვს თქვენც მოხიბლული დარჩებით მისი რიტმით, ხავერდოვნებითა და დინამიკით.

"სიმდი" - ულამაზესი ოსური მელოდიის თანხლებით სცენაზე შემოდის მოცეკვავე გოგონათა და ვაჟთა ორი მწკრივი. ეს საქორწინო ცეკვა მკაცრ გრაფიკულ მონახაზზე და ზუსტ სიმეტრიაზეა დაფუძნებული. ცერებზე შემდგარი ვაჟისა და მსუბუქად მოსრიალე ქალის დუეტიც აბსოლუტური სიმეტრიის დაცვით არის აგებული. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ "სიმდი" დახვეწილი კლასიკური სისადავისა და ჰარმონიის ზეიმს წარმოადგენს.

"შეჯიბრი" - ცეკვის დასახელება თავად მიგვანიშნებს, რომ ამ ცეკვაში წინა პლანზე წამოწეულია ქართველისთვის დამახასიათებელი აზარტულობა, სწრაფვა პირველობისაკენ... აქ გამოყენებულია "ხანჯლურისა" და "მთიულურისათვის" დამახასიათებელი ილეთები. თავბრუდამხვევი ტრიალი მუხლებზე და ცერილეთების ცეცხლოვანი ტემპერამენტი მძლავრ ესთეტიკურ მუხტს იძლევა.

 

II განყოფილება


"ფარიკაობა" - ეს მშვენიერი სანახაობა საქართველოში გავრცელებული ქალის კულტის გამოხატულებად ითვლება და ევროპული რაინდობის ქართულ ანალოგიადაა მიჩნეული. მრისხანე ვაჟების პატივისცემა სუსტი სქესისადმი შესანიშნავადაა გადმოცემული ამ ქორეოგრაფიულ სურათში. მაგრამ ამ ცეკვის ერთი შეხედვით მარტივი მორალი, რომ რომ მშვენიერ არსებას შეუძლია ხელის ერთი აქნევით შეაჩეროს მტრობის გამძვინვარებული სტიქია, მხოლოდ ხილული ზედაპირია... გოგონები ამთავრებენ ცეკვას და როგორც კი თვალს მოეფარებიან, იდეალური სურათი მკვეთრად იცვლება - ჩვენს თვალწინ კვლავ შიშველი ხმლის პირები ლაპლაპებენ მოწინააღმდეგის მოკვლისათვის აუცილებელი ილეთების მთელი არსენალით, იარაღის ზათქით და შეშლილი სახეებით... მაგრამ ერთი რამ კი უდავოა, ქართველები ერიდებიან მოქიშპის დაჩაგვრას ქალის თანდასწრებით...

"ჯეირანი" - ეს არის აღმოსავლური თქმულებების მოტივებზე აგებული ცეკვა, რომელიც ჯადოსნურ ჯეირანზე ნადირობის ამაღელვებელ სურათს გვიხატავს. ეს ცეკვა შემსრულებლისაგან მოითხოვს საოცარ პლასტიურობას, სხეულის იმპულსურ, ლამის კონვულსიურ მოძრაობებს და რაც მთავარია, ძლიერ შინაგან მუხტს.

"სვანური" - არსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში არ არის შემონახული იმდენი საფერხულო ცეკვა, როგორც სვანეთში, მათი სახელების ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა. დღევანდელ "სვანურში" კი კარგად არის სინთეზირებული სვანური უძველესი საფერხულო ცეკვების ტრადიციები და თანამედროვე ქორეოგრაფის შემოქმედებითი ფანტაზია. ეს ცეკვა შესანიშნავად გვიხატავს სვანი კაცის ამაყ ბუნებას.

"ყაზბეგური" - ამ ცეკვას საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან, კავკასიის პირქუშ მთებში გადავყავართ. ცხოვრების მკაცრ პირობებს თავისი დაღი დაუსვამს მთის ცეკვებისათვის. "ყაზბეგურს" მამაკაცები ასრულებენ, მათი გოროზი იერი და მკვეთრი კუთხოვანი მოძრაობები იმის დასტურია, რომ მთის მიუვალი ხეობები მხოლოდ ძლიერთა სამყოფელია. ¨¨

"აფხაზური"

"ხონგა" - ამ ლამაზ ცეკვას ოსური ხალხური მუსიკისა და ქორეოგრაფიული პლასტიკის ლირიკურ სამყაროში გადავყავართ. ვაჟები საცეკვაოდ იწვევენ გოგონებს. ვაჟები "ხონგას" ცერებზე შემდგარნი ცეკვავენ. ეფექტი ამ ცეკვისა სწორედ აღნიშნულ ილეთში იმალება, ცერებზე შემდგარი ფაფახიანი ვაჟები - ეს შესანიშნავი სანახაობაა!"კინტოური" - ეს არის მეცხრამეტე საუკუნის თბილისელი წვრილი ვაჭრების ცეკვა. თავისი პროფესიიდან გამომდინარე მკვირცხლი, ეშმაკი და ოდნავ ფამილარული კინტოს ხასიათი შესანიშნავად ჩანს ცეკვა

"კინტოურში" - აღმოსავლური პლასტიკა, ექსტრავაგანტული საცეკვაო ილეთები ყურადღებას იპყრობს თავისი ეგზოტიკურობით.¨¨

"გოგონათა სატრფიალო" - ნაზი მელოდიის თანხლებით მოცეკვავე წითელკაბიანი გოგონები ტბის ზედაპირზე მოსრიალე გედების გუნდს მოგვაგონებენ. თავისი ლირიზმით, ჰაეროვანი გრაციოზულობითა და აუჩქარებელი ტემპით ეფექტურ კონტრასტს ქმნის იმ ბობოქარ ქორეოგრაფიულ სანახაობებთან, რასაც ანსამბლი "ორბის" პატარა ვირტუოზები სთავაზობენ მაყურებელს.

"მთიულური" - ამ ცეკვაში მთიელი კაცისათვის დამახასიათებელი თვისებებია თავმოყრილი: ვაჟკაცური შემართება, აზარტულობა... სხვა მთიულური ცეკვებისაგან ("ყაზბეგური", "ხანჯლური") განსხვავდება იმით, რომ აქ სიხალისე უფრო ძალუმად იგრძნობა, რადგან ვაჟებთან ერთად გოგონებიც ცეკვავენ, რაც თავისებურ ხიბლს მატებს მათ ცეკვას. აქ თავმოწონება უფრო მეტია, ვიდრე შეჯიბრი. ერთი სიტყვით, ეს მასიური ცეკვა ზეიმია, სადაცყველა ხალისობს, სადაც ყველა თავისუფალია ზედმეტი შებოჭილობისაგან.

"ფინალი"