"პატარა ვირტუოზები" - ცეკვის ჯადოქრები
ცეკვა და სიმღერა ქართველი კაცის ყოფა-ცხოვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა,ის გენეტიკურადაა კოდირებული ქართველის სულიერებაში, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა საუკუნეების მანძილზე. საქართველოში ბევრი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანსამბლი „პატარა ვირტუოზები“ მათ შორის ვარსკვლავივით კაშკაშებს.
ეს არის ანსამბლი, რომლის საკონცერტო შოუ-პროგრამა სრულდება მაღალ პროფესიულ დონეზე.ისინი მართლაც ვირტუოზები არიან სცენაზე. ისე კი, როგორც ყველა ბავშვი მთელს მსოფლიოში, ცხოვრებაში ისინიც ჩვეულებრივი ბავშვები არიან, დადიან სკოლაში, სწავლობენ, ოცნებობენ, უყვართ ფეხბურთი, მუსიკა, მოგზაურობა...
ყოველდღიურად აქვთ რეპეტიციები და მოუთმენლად ელოდებიან საზაფხულო არდადეგებს, რათა კიდევ ერთხელ წარსდგნენ ქართველი თუ უცხოელი მაყურებლის წინაშე თავინთი უზადო ხელოვნებით. 22 წლის მანძილზე, 10-15 წლის ბავშვებმა თავიანთი შოუ-პროგრამა გააცნო 31 ქვეყნის ათასობით მაყურებელს, გამართა 1050 კონცერტზე მეტი, მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენებზე. აღსანიშნავია, რომ საგასტროლო მოგზაურობა რამოდენიმე წლით ადრე იგეგმება.
არ გვეგულება მსოფლიოში მეორე ისეთი ბავშვთა ანსამბლი, რომელსაც ამ რაოდენობის და მასშტაბების სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული. სწორედ ამიტომ მიენიჭათ მათ - „საქართველოს კულტურის დესპანის“ მაღალი ჯილდო. ისინი ჭეშმარიტად დესპანები არიან უძველესი ქართული საცეკვაო ხელოვნებისა მთელს მსოფლიოში. ანსამბლ „პატარა ვირტუოზების“ შოუ კავკასიიდან“ , ეს არის საცეკვაო ხელოვნების დღესასწაული, ფეიერვერკი... და ბედნიერია ის, ვინც პირველად იხილავს მათ შემოქმედებას. მათი საკონცერტო პროგრამა 20 საცეკვაო ნომრისგან შედგება. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული 20 ცეკვა, თავისი საშემსრულებლო მანერით, ჩაცმულობით, მუსიკით - პოლოფონიური სიმღერების თანხლებით.
ეს არის 20 ცეკვა, სადაც გოგონები მოგხიბლავენ და მოგაჯადოებენ სინარნარით, ჰაეროვნებით, კდემამოსილებით და გრაციოზულობით, ხოლო ვაჟები დაგვატყვევებენ დიდებისათვის დამახასიათებელი ვაჟკაცური მანერით, საოცარი საცეკვაო ტექნიკით, თავბრუდამხვევი ილეთებითა და ტრუკებით. ფანტასტიური სანახავია ცეკვა ცერებზე, გამაოგნებელია მაღალი ნახტომებიდან მოცეკვავეების მუხლებზე დაცემა და მუხლზე ილეთებით ცეკვის გაგრძელება. კულმინაციაა ცეკვა ხანჯლებით, სადაც მოცეკვავე ვაჟები ვირტუოზულად ხმარობენ ხანჯლებს თავბრუდამხვევი ილეთების შესრულებისას არჭობენ იატაკში , ხოლო ცეკვა ფარ-ხმლით არის გამოძახილი იმ მეომრული სულისა, რომელიც ქართველ ხალხს ასერიგად სჭირდებოდა თავისი ცხოვრების 30 საუკუნის მანძილზე მოძალადე მტრის თავდასხმებისაგან თავის დასაცავად.
აქვე ერთი ფაქტი მინდა ავღნიშნო, რაც ამ ანსამბლის მაღალ პროფესიონალიზმზე მიგვანიშნებს : როდესაც მსოფლიოში ცნობილი ცირკის „დე სოლეის“ მესვეურებმა ანსამბლ „პატარა ვირტუოზების“ პრგრამა ნახეს ჰონგ-კონგში, ბავშვების აკრობატული ტრუკებით აღფრთოვანებულებმა, თავიანთ საცირკო შოუში მიიწვიეს ანსამბლის წამყვანი სოლისტები. და ბოლოს, თუ თქვენ საერთოდ გიყვართ საცეკვაო ხელოვნება და გსურთ ეზიაროთ ცეკვის ჭეშმარიტ დღესასწაულს, გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ანსამბლ „პატარა ვირტუოზების“ შოუ კავკასიიდან“.
ნახეთ და დატკბით მათი უზადო საცეკვაო ხელოვნებით და რაც მთავარია, ამ საცეკვაო დღესასწაულიდან მონიჭებული სიამოვნება დიდხანს, ძალიან დიდხანს გაგყვებათ სასიამოვნო მოგონებად.